დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს მიმართა - შენ თუ ოდესმე პრეზიდენტი გახდები და ჩემს გადასახადებს შეცვლი, ისეთი ეკონომიკური უკუსვლა გექნება, როგორიც არასდროს გინახავთ
აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებისას რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა და მისმა დემოკრატმა მეტოქე ჯო ბაიდენმა საკუთარ სამომავლო ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრეს.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მის მიერ შემუშავებული გეგმა ამერიკას შვიდი მილიონით მეტ სამუშაო ადგილს და ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს უდიდესი კომპანიებისთვის გადასახადებს 21 %-დან 28 %-მდე გაზრდის.
ბაიდენის ამ განცხადების პასუხად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ შემოღებული დაბალი გადასახადების ფონზე, აშშ-ს ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზარდა.
„თუ ოდესმე შენ (ბაიდენი) გახდები პრეზიდენტი და ჩემს გადასახადებს შეცვლი, ახლავე გეტყვი რაც მოხდება, კომპანიების ნახევარს დაკარგავ, ისინი სხვაგან წავლენ და ისეთი ეკონომიკური უკუსვლა გექნება, როგორიც არასდროს გინახავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ოპონენტის მისამართით.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციამ ქვეყანა უდიდესი რეცესიის დროს გადაიბარა, რისი გამოსწორებაც წარმატებით შეძლო.
„ჩვენ შევძელით ეკონომიკის გაძლიერება და შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მას (ტრამპს) აყვავებული ეკონომიკა ჩავაბარეთ და ის წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ მიღწეული სავაჭრო ხელშეკრულებები არც ისეთი მომგებიანია, როგორც ამას თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს.
„პრეზიდენტი ამ სავაჭრო ხელშეკრულებებზე ლაპარაკობს, თუმცა ჩინეთმა ქურდობის ხელოვნება დახვეწა, ჩვენ ახლა ჩინეთთან უფრო დიდი დეფიციტი გვაქვს, ვიდრე ადრე, ასევეა მექსიკასთანაც“, – აღნიშნა ბაიდენმა
საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიერ რუსი მილიარდერის, ელენა ბატურინასგან 3,5-მილიონ დოლარიანი სესხის აღება გაიხსენა.
„ჩინეთმა შენი ლანჩი შეჭამა. ეს 100 %-ით სიმართლეა. შენი შვილი მიდის და მილიარდობით დოლარს იღებს სესხის სახით, მილიონებს აკეთებს. უბრალოდ მაინტერესებს მოსკოვის მერის ცოლმა შენს შვილს 3.5 მილიონი დოლარი მისცა. რა გააკეთა ამის დასამსახურებლად“, – მიმართა ტრამპმა ბაიდენს.
დემოკრატმა კანდიდატმა ტრამპს უპასუხა, რომ მისი შვილის მიმართ არსებული ბრალდებები უკვე სრულიად დისკრედიტირებულია.
„მე არ მინდა ოჯახებზე საუბარი. მის (ტრამპის) ოჯახზე რომ დავიწყოთ საუბარი, მთელი საღამო აქ ვიქნებით. ეს არ არის დებატები ჩემს ოჯახზე, ეს არის დებატები ჩვენს ოჯახებზე, ამერიკელ ხალხზე. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა ბაიდენმა.