დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ველინგტონში გამართულ პირველ მიტინგზე, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დაშვების გამო.
ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა ამერიკული გაზსადენის Keystone XL-ის მშენებლობა შეაჩერა, სამაგიეროდ კი ევროპაში რუსული გაზსადენის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა. მისი განცხადებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ამერიკის ეკონომიკას გაანადგურებს.
დონალდ ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ გერმანიას რუსეთისგან იცავს, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება მილიარდობით დოლარს უხდის გაზსადენის გამო. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ მან გერმანიის კანცლერსაც განუცხადა, რაზეც ანგელა მერკელმა მხოლოდ ღიმილით უპასუხა.
ველინგტონში გამართულ მიტინგს, პოლიციის შეფასებებით 20 ათასამდე ადამიანი დაესწრო. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის კვლავ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.