დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ფლორიდის კონგრესმენი მეტ გეცი წარადგინა
დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორად ფლორიდის კონგრესმენის, მეტ გეცის კანდიდატურა წარადგინა.
„ჩემთვის დიდი პატივია, განვაცხადო, რომ კონგრესმენი მეტ გეცი ფლორიდიდან წარდგენილია შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორად. მეტი დაიცავს ჩვენს საზღვრებს, დაანგრევს კრიმინალურ ორგანიზაციებს და აღადგენს ამერიკელების შელახულ რწმენას და ნდობას იუსტიციის დეპარტამენტის მიმართ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ truth social-ში.
მეტ გეცი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც 2017 წლიდან წარმოადგენს ფლორიდის პირველ ოლქს. 42 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დამცველი კაპიტოლიუმში. უილიამისა და მერის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული გეცი ხშირად იწვევს აღშფოთებას სკანდალური განცხადებებით კომიტეტის მოსმენებზე თუ სხვა საჯარო გამოსვლებში. ბოლო წლებში გეცი დაადანაშაულეს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მას ბრალი არ წაუყენა, თუმცა კონგრესმენი კვლავ რჩება წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტის გამოძიების ფიგურანტად.