დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიც არ დაასრულებს საპრეზიდენტო კამპანიას
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიც არ დაასრულებს საპრეზიდენტო კამპანიას.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით ფედერალურმა პროკურორებმა საქმე გააფართოვეს.
პროკურორები ამბობენ, რომ ტრამპმა თანამშრომლებს უბრძანა იმ ვიდეო დოკუმენტების წაშლა, რაც პროკურატურას გამოძიებისთვის სჭირდებოდა.
აშშ-ის პროკურორმა, ჯეიკ სმიტმა სამი ახალი ფედერალური საქმე აღძრა, რის შემდეგაც ტრამპს, ჯამში, 40 მუხლით ედება ბრალი.
ბრალი წაუყენეს ტრამპთან მომუშავე კარლოს დე ოლივეირას, რომელსაც მართლმსაჯულების შეფერხების შეთქმულებასა და გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში სდებენ ბრალს.
პროკურატურის ცნობით, ოლივეირამ სხვა თანამშრომელს უთხრა, რომ ტრამპს სურდა ფლორიდაში არსებული ქონების ამსახველი ვიდეომასალის წაშლა.
პროკურორებმა ბრალი წაუყენეს ტრამპთან მომუშავე უოლტ ნაუტასაც, რომელსაც დოკუმენტების დამალვაში ედება ბრალი. ახალი საბრალდებო დასკვნის თანახმად, ნაუტამ და ოლივეირამ გადაიტანეს დოკუმენტების 64 ყუთი ტრამპის რეზიდენციაში, მოგვიანებით კი მხოლოდ 30 დააბრუნეს.
შეგახსენებთ, ტრამპი აშშ-ს პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. ტრამპს წელს უკვე ორჯერ წაუყენეს ბრალი, ერთხელ ნიუ იორკში პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის გამო და მეორედ საიდუმლო დოკუმენტების გამო.
ტრამპის სასამართლო პროცესი ნიუ იორკში 2024 წლის მარტშია დაგეგმილი, ხოლო ფლორიდაში – 2024 წლის მაისში.