დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჰერბერტ მაკმასტერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს, თეთრი სახლის ლიდერის ცნობით, გაეროში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
„მოხარული ვარ გამცნოთ, რომ 9 აპრილიდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩეველი ჯონ ბოლტონი იქნება. მადლობელი ვარ ჰერბერტ მაკმასტერის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და ის ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად“, – ნათქვამია ტრამპის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მაკმასტერმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი 2017 წლის თებერვალში დაიკავა. ამ თანამდებობაზე მან მაიკლ ფლინი ჩაანაცვლა. მაკმასტერი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში რჩება, თუმცა, მისი განცხადებით, ზაფხულში ის არმიიდან წასვლასაც გეგმავს.
ჯონ ბოლტონი კი გაეროში 2005-2006 წლებში მუშაობდა. მანამდე ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა და შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა.
ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის დროს ის ერთ-ერთი გამორჩეული მომხრე იყო ერაყში ომის დაწყების. ამ მიზეზით გაეროში აშშ-ის წარმომადგენლად მის დანიშვნას ასზე მეტი ამერიკელი დიპლომატის უკმაყოფილება მოჰყვა.