დონალდ ტრამპმა დაასახელა ორი ადვოკატი, რომლებიც სენატში იმპიჩმენტის პროცესში დაცვის მხარეს უხელმძღვანელებენ
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი ახალი ადვოკატი დაასახელა, რომლებიც სენატში იმპიჩმენტის პროცესში დაცვის მხარეს უხელმძღვანელებენ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ახალი უფლებადამცველების დასახელება ტრამპს მას შემდეგ მოუწია, რაც ადვოკატების ნაწილმა ყოფილი პრეზიდენტის გუნდი დატოვა. მათ შორისაა ორი სამხრეთ კაროლინელი ადვოკატი ბაჩ ბაუერსი და დებორა ბარბერი. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროს შეფასებით, ეს „ორმხრივი გადაწყვეტილება“ იყო.
ახალ ადვოკატებს შორის არიან დევიდ შოენი და ბრიუს კასტორი. შოენი ტრამპს პროცესის მომზადებაში მანამდეც ეხმარებოდა, კასტორი კი პენსილვანიის ოლქის ყოფილი პროკურორია.
სენატში ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვლიდან დაიწყება. მანამდე კი, წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში გამოუცხადა. 13 იანვარს გამართული კენჭისყრის შედეგად, იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 232-მა კონგრესმენმა 197-ის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.