დონალდ ტრამპმა და ტერეზა მეიმ სატელეფონო საუბარში ყოფილი ორმაგი რუსი აგენტის მოწამვლის საქმე განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სატელეფონო საუბარში ყოფილი ორმაგი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მათ ისაუბრეს გამოძიების შესახებ, რომელსაც გაერთიანებული სამეფო კერძო პირზე ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმეზე აწარმოებს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სოლიდარობას უცხადებს მის უახლოეს მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს და მზად არის, ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს ამ საქმის გამოძიებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლი ასევე წერს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მხარდაჭერა გამოხატა ტერეზა მეის გადაწყვეტილების მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ შეკითხვებზე დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხები, განსაკუთრებით იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა რუსეთში წარმოებული ქიმიური იარაღი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
12 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსი ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. განცხადება ტერეზა მეიმ ეროვნული უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, სერგეი და იულია სკრიპალები სამხედრო კლასის ნერვული აგენტით არიან მოწამლულები, რომელიც რუსეთში იწარმოება.
ტერეზა მეის განცხადებით, მათ ლონდონში რუსეთის ელჩი გამოიძახეს იმის დასადგენად, იყო თუ არა მომხდარი რუსეთის სახელმწიფოს ქმედება, თუ ნერვული აგენტების ბაზარზე კონტროლის დაკარგვის შედეგი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შხამ-ქიმიკატი, რომელიც ამ კონკრეტულ თავდასხმაში გამოიყენეს, დადგენილია. მისი თქმით, ის ნერვული აგენტების ჯგუფს მიეკუთვნება და „ნოვიჩოკის“ სახელითაა ცნობილი.
როგორც ტერეზა მეიმ აღნიშნა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუს ელჩს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დახუროს მოსკოვმა „ნოვიჩოკის“ პროგრამა ქიმიური იარაღის აკრძალვის ფარგლებში“.
ტერეზა მეის თქმით, ბრიტანეთი მომდევნო ნაბიჯების გადადგმამდე მოსკოვის პასუხსაც განიხილავს, თუმცა „თუ ვერ მივიღებთ სარწმუნო პასუხს, სკრიპალის მოწამვლა განიხილება, როგორც რუსეთის მხრიდან დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენება“.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.