დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს
აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ადგილობრივი მედია თურქეთის კომუნიკაციის დირექტორატის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ორი ქვეყნის ლიდერმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის სირიისა და ლიბიის კონფლიქტზე.
ანკარაში აცხადებენ, რომ ერდოღანი და ტრამპი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.