დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას სავაჭრო ურთიერთობები და აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას სავაჭრო ურთიერთობები და სინგაპურში გამართული აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტი განიხილეს. ამის შესახებ ნათქვამია ელისეის სასახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა სირიისა და ირანის საკითხებიც განიხილეს.
ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარე თვის დასაწყისშიც შედგა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ევროკავშირს ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები დაუწესა.
როგორც მაშინ CNN იუწყებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა.