დონალდ ტრამპმა და ბორის ჯონსონმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს.
როგორც ბრიტანეთის პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორივე ლიდერი შეთანხმდა პანდემიაზე კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირების მნიშვნელობაზე, მათ შორის „დიდი შვედეულის” საშუალებით.
ამას გარდა, დონალდ ტრამპმა და ბორის ჯონსონმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გააღრმავონ ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, რაც შეიძლება მალე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით.
ბორის ჯონსონმა ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ავად ყოფნის პერიოდში მოკითხვისთვის.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან განიკურნა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.