დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მესამედ შეხვედრის სურვილი გამოთქვა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მესამედ შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, თუმცა წინასწარ აცხადებს, რომ ფხენიანისთვის დაწესებული სანქციები არ შეიცვლება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფ სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა სამმხრივ სამიტზე დასწრება, რომელშიც აშშ-ის გარდა მონაწილეობას კორეის ნახევარკუნძულის ორივე ქვეყანა მიიღებს.
დონალდ ტრამპის თქმით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯეი ინთან საუბრისას მათ განიხილეს ფხენიანისთვის „გარკვეული ჰუმანიტარული დახმარების“ საკითხი. მათ შორის საკვებით მომარაგება. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს კიმ ჩენ ინთან და დიალოგისთვის კარი ღიაა.