დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფები გაზარდა
დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე ტარიფები გაზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის მიერ დაწესებული ტარიფების შემდეგ ჩინურ საქონელზე ტარიფები გაზარდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა„ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, პირველი ოქტომბრიდან 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 25 პროცენტიანი ტარიფების ნაცვლად, ვაშინგტონი 30 პროცენტიან ტარიფს დააწესებს. ამასთან ერთად, დამატებით 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე პირველი სექტემბრიდან 10-ის ნაცვლად, 15 პროცენტიანი ტარიფები დაწესდება.

დონალდ ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფები დააწესა. პირველი სექტემბრიდან ამერიკულ საქონელზე 5 და 10-პროცენტიანი ტარიფები ამოქმედდება.

ამასთან ერთად, ოფიციალური პეკინი ამერიკულ ავტომობილებსა და მის ნაწილებზე ტარიფების განახლებას გეგმავს. აღნიშნულ საქონელზე 25 და 5-პროცენტიანი ტარიფები ძალაში 15 დეკემბრიდან შევა.