დონალდ ტრამპმა „ბოინგ 737 მაქს-8"-ისა და „ბოინგ 737-მაქს-9"-ის ფრენები შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ბოინგ 737 მაქს-8″-ისა და „ბოინგ 737-მაქს-9″-ის ფრენები შეაჩერა. როგორც დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა ავიაკომპანია ინფორმირებულია.
„ამერიკელი ხალხის, ყველა ადამიანის უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი ამოცანაა”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი გადაწყვეტილება ემყარება ახალ ინფორმაციას, რომელსაც ავიაციის ფედერალური სააგენტო მალე გაასაჯაროებს.
დონალდ ტრამპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო.
„ბოინგ 737 მაქს-8″-ისა და „ბოინგ 737 მაქს-9″-ის ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მანამდე მიიღეს ჩინეთმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და 40-მდე სხვა ქვეყანამ.
„ბოინგ 737 მაქს 8″-ისა და „ბოინგ 737 მაქს 9″-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეშიც შეჩერდა.
შეგახსენებთ „ბოინგ 737-მაქს-8″-ის კატასტროფას ეთიოპიაში 157 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 35 ქვეყნის წარმომადგენელია.