დონალდ ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ჯონ რუდის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. მან მადლობა გადაუხადა ჯონ რუდს ქვეყნისთვის მსახურების გამო და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონ რუდი პოლიტიკურ საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილის პოსტს 28 თებერვლიდან დატოვებს და მის ნაცვლად მოვალეობებს ჯეიმს ანდერსონი შეასრულებს. მოგვიანებით პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონათან ჰოფმანმა დაადასტურა, რომ რუდი თანამდებობიდან დონალდ ტრამპის მოთხოვნით წავიდა.
როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ რუდი მისი განკარგულებების შესრულებას აჭიანურებდა. ტრამპის თანაშემწეები ეჭვობდნენ, რომ რუდი პრეზიდენტის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ იზიარებდა.
აღსანიშნავია, რომ რუდი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის აქტიური მომხრე იყო იმ მოტივით, რომ მისი აზრით, უკრაინამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებებს მიაღწია. აღნიშნული დახმარების გამოყოფა გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა, რაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა.