დონალდ ტრამპმა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო
დონალდ ტრამპმა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს“ ვეტო დაადო.

როგორც „სიენენი“ წერს, ჯერ უცნობია, ეცდება თუ არა კონგრესი, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

11 დეკემბერს თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მხარი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმაც დაუჭირა. 740 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სასარგებლოდ ხმა 84-მა სენატორმა მისცა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, სენატს მისი დაძლევა შეეძლება. ვეტოს დაძლევა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პირველი შემთხვევა იქნება.

გადაწყვეტილების მიღებამდე, აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანგარიშს ვეტოს იმ შემთხვევაში დაადებდა, თუ ინტერნეტ კომპანიებს მათ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდათ.

თავდაცვის ეროვნული აქტი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ანაზღაურების გაზრდას, სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე გერმანიისა და ავღანეთის ტერიტორიებიდან სამხედროების გამოყვანის პროცესის გაჭიანურების გეგმას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს „2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“ საუბარია საქართველოზეც.