დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიების ფიგურანტები შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კერძოდ, მოქმედმა პრეზიდენტმა შეიწყალა თავისი საარჩევნო შტაბის ყოფილი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპულოსი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში 2017 წელს ცნეს დამნაშავედ. ჩვენება ეხებოდა რუსეთთან შესაძლო კავშირის მქონე პირებთან კონტაქტების დროსა და მნიშვნელობას.
პაპადოპულოსს 14 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან საპატიმროში 12 დღე გაატარა, რის შემდეგაც 12-თვიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნის პირობით გათავისუფლდა.
დონალდ ტრამპმა ასევე შეიწყალა ალექს ვან დერ ცვაანი, რომელსაც აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიებისთვის ტრამპის საარჩევნო შტაბთან კონტაქტების შესახებ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 30-დღიანი პატიმრობა და 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს. ვან დერ ცვაანი რუსი მილიარდერის გერმან ხანის სიძეა.
საშობაოდ დონალდ ტრამპმა სულ 15 ადამიანი შეიწყალა, კიდევ ხუთს კი სასჯელი შეუმსუბუქა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ სამი ყოფილი რესპუბლიკელი კანონმდებელი, ასევე დონალდ ტრამპის მიერ შეწყალებულ პირებს შორის სამი ყოფილი სამხედროა, რომლებიც 2007 წელს ერაყში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს.