დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციას დაავალა, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100 მილიარდი დოლარის ტარიფების დაწესება განიხილოს
დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციას დაავალა, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100 მილიარდი დოლარის ტარიფების დაწესება განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას დაავალა, ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ტარიფების დაწესება განიხილოს. ტრამპის ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის გამწვავებას მოჰყვა.

თუ გადაწყვეტილება ძალაში შევა, ჩინეთისთვის უკვე დაწესებულ 50 მილიარდის ღირებულების ტარიფებს ჩინურ იმპორტზე კიდევ 100 მილიარდი დაემატება.

სავაჭრო ომის გამწვავება ჩინეთის გადაწყვეტილებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, ისინი 106 დასახელების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებდნენ.

თეთრი სახლის განცხადებით, მანამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთს მოუწოდა, შეეცვალა „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა“ და ამით თავიდან აეცილებინა აშშ-ის მიერ გამოცხადებული ტარიფების ძალაში შესვლა.

„რამდენიმე თვე რჩება, სანამ ორივე მხარის მიერ დაანონსებული ტარიფები შევა ძალაში. ჩვენ იმედი გვაქვს, ჩინეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

მისივე თქმით, ეს განცხადება გაფრთხილება იყო, რომ თუ ამ თვეების განმავლობაში ჩინეთი არ შეცვლიდა პრაქტიკას და არ შეწყვეტდა უსამართლო პრინციპებით ვაჭრობას, სანქციების იმპლემენტაციას ვერაფერი შეაჩერებდა.