დონალდ ტრამპმა 1915 წელს სომეხთა მკვლელობა „დიდ დანაშაულად“ მოიხსენია
დონალდ ტრამპმა 1915 წელს სომეხთა მკვლელობა „დიდ დანაშაულად“ (Meds Yeghern) მოიხსენია. ეს ტერმინი გამოყენებულია განცხადებაში, რომელიც თეთრის სახლის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. ტერმინი „დიდი დანაშაული“ აშშ-ის პრეზიდენტებიდან პირველმა ბარაკ ობამამ გამოიყენა.
„ჩვენ ვიხსენებთ „დიდ დანაშაულს“ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც მე-20 საუკუნის ამ ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სისხლისღვრას შეეწირნენ. ხსოვნის ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ სომეხ თემს დაღუპული ადამიანების გლოვაში”, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება თურქებისა და სომხების მცდელობას, აღიარონ და გაუმკლავდნენ მტკივნეულ წარსულს.
სომხეთი აცხადებს, რომ 1915-1917 წლებში 1.5 მილიონი ადამიანი მოკლეს. თურქეთი ასობით ათასი სომეხის მოკვლას აღიარებს, თუმცა ამ ფაქტისთვის გენოციდის კვალიფიკაციის მინიჭებას არ ეთანხმება.