დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის გადადო
ნიუ იორკის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო.
ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე, პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 2016 წელს გადახდილი თანხის, 130 000 დოლარის იურიდიულ ხარჯებში გაწერის გამო დამნაშავედ 30 მაისს ცნეს.
სასჯელის ფორმა მისთვის 18 სექტემბერს უნდა განესაზღვრათ. ახალი გადაწყვეტილებით კი, ის ცნობილი მხოლოდ 26 ნოემბერს გახდება.
„განაჩენის გამოტანა გადადებულია, რათა თავიდან ავირიდოთ თუნდაც დაუსაბუთებელი შთაბეჭდილება, რომ სასამართლო განხილვაზე გავლენა იქონიეს ან თავად სასამართლო ცდილობს, გავლენა იქონიოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც მსჯავრდებული კანდიდატია. სასამართლო არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური ინსტიტუცია“, – განაცხადა მოსამართლემ.