დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ჰელსინკიში გაიმართოს
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ჰელსინკიში გაიმართოს. ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკული გამოცემის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლო ადგილად ფინეთის დედაქალაქს განიხილავენ.
„საბოლოო გადაწყვეტილება სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ მიღებულა, თუმცა ამ მომენტისთვის ჰელსინკი განიხილება“, – ციტირებს ამერიკული გამოცემა წყაროს.
მანამდე კი Financial Times-მა რუს მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შესალოა, 13 ივლისს შეხვდნენ.
ასევე ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების განსახილველი თემები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, შეხვედრის დროს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერები სირიის კრიზისს, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის აქტიურ მოქმედებებს განიხილავენ.