დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება.
დონალდ ტრამპის თქმით, ზუსტი თარიღი მედიისთვის ცნობილი გახდება მომდევნო კვირის დასაწყისში.
„ჩვენ საოცარი პროგრესი გვაქვს ჩრდილოეთ კორეასთან. როდესაც პრეზიდენტის პოსტზე მოვედი, ან მოდი ვთქვათ, წინა ადმინისტრაციის ბოლოს, გულწრფელად თუ ვიტყვით, ისე ჩანდა, თითქოს ჩრდილოეთ კორეასთან ომს ვიწყებდით. ახლა აღარ არის ჭურვების გამოცდები. აღარ არის სარაკეტო გამოცდები, ბირთვული გამოცდები. დავიბრუნეთ პატიმრები და ჩვენი მძევლები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრამდე კი ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. მხარეები ლიდერების შეხვედრისთვის ე.წ. საგზაო რუკას შეიმუშავებენ.
ჩრდილოეთ კორეის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის, სტივენ ბიგანის განცხადებით, ვაშინგტონს სათადარიგო გეგმაც აქვს, იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური გზით საკითხების მოგვარება არ მოხერხდება.