დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი- აშშ-მა რუსეთს საკმარისად დიდი საფასური ვერ გადაახდევინა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი მიიჩნევს, რომ აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს საკმარისად დიდი საფასური ვერ გადაახდევინეს.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი სახელმწიფო არ იმჩნევდა რუსეთიდან მომავალ საფრთხეს. რუსეთი კი თავხედურად და არადამაჯერებლად უარყოფდა საკუთარ ქმედებებს. ჩვენ ვერ შევძელით რუსეთისთვის საკმარისად დიდი საფასური დაგვეწესებინა.“ – განაცხადა მაკმასტერმა.
ამერიკელი გენერლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს სჯერა, რომ ის იგებს ბრძოლას ე.წ. ჰიბრიდული მეთოდით, რაც სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ და კიბერ თავდასხმებს აერთიანებს. თუმცა, მისივე თქმით აშშ და მის მოკავშირეები მაინც შეძლებენ გამარჯვებას.
„ბატონ პუტინს სჯერა, რომ ახალი ბრძოლის ველზე უკვე გამარჯვებულია. შესაძლოა, მას სჯერა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები სოლსბერიში, კიბერსივრცეში, ჰაერსა და ზღვაში ძირს გამოუთხრის ჩვენს ინსტიტუტებს და ღირებულებებს. ალბათ მას ჰგონია, რომ თავისუფალი სახელმწიფოები სუსტები არიან და მის პროვოკაციებს არ უპასუხებენ. ის ცდება.“ – განაცხადა ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა.
მაკმასტერმა შეაქო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.
ჰერბერტ მაკმასტრი დონალდ ტრამპის მრჩეველის თანამდებობიდან ერთ კვირის წინ გაათავისუფლეს. მის ადგილს ჯონ ბოლტონი დაიკავებს, რომელიც მოვალეობის შესრულებას 9 აპრილს შეუდგება.