დონალდ ტრამპის ყოფილი იურისტი მაიკლ კოენი კონგრესს ჩვენებას მისცემს
დონალდ ტრამპის ყოფილი იურისტი მაიკლ კოენი კონგრესს ჩვენებას მისცემს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი იურისტი მაიკლ კოენი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კონგრესს ჩვენებას მისცემს. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარეზე, ელაიჯა კამინგსზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მადლობას ვუხდი მაიკლ კოენს თანხმობისთვის, ნებაყოფლობით მისცეს ჩვენება ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტს. მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები სისხლის სამართლის გამოძიებაში რაიმე სახით ჩარევაში და ამის თავიდან ასაცილებლად სპეცპროკურორ მიულერის აპარატთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტის სხდომა 7 თებერვალს გაიმართება.

მაიკ კოენს გასული წლის დეკემბერში ნიუ იორკის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მან გადასახადებისგან თავის არიდებაში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში, კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალი აღიარა.

დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი ამჟამად სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ოფისთან თანამშრომლობს, რომელიც არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის მოსკოვთან შესაძლო კავშირებს იძიებს.

ნოემბრის ბოლოს კოენმა ჩვენებების მიცემის დროს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან დონალდ ტრამპის სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას. დონალდ ტრამპი აღნიშნულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.