დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის სახლი ფედერალურმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს
დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, რუდი ჯულიანის სახლი ფედერალურმა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს. ოფიციალური ინფორმაციით, ჩხრეკა უკრაინასთან დაკავშირებულ საქმეს ეხება.
ფედერალური გამოძიება ეჭვობს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი ცდილობდა, ებიძგა უკრაინის ხელისუფლებისთვის, ჯო ბაიდენზე კომპრომატი მოეძებნათ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჩხრეკის დროს ამოღებულია 76 წლის ადვოკატის კუთვნილი ელქტრონული ხელსაწყოები.
თავად რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
ამასთან, ამერიკული მედიის ცნობით, ჯულიანს ასევე ადანაშაულებენ აშშ-ში უკრაინელი ბიზნესმენების ინტერესების ლობირებაში.
2019 წელს რუდი ჯულიანი პირადად მონაწილეობდა უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც იყო დაერწმუნებინა კიევი, გამოძიება დაეწყოთ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის ჰანთერის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ტრამპის უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ოპონენტებმა ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულეს და აშშ-ის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. საბოლოოდ ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა.