დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა
დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მაიკლ კოენს 2018 წლის დეკემბერში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დარღვევების, კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და სხვა ფინანსური დანაშაულებისათვის.
კოენის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მანჰეტენის საოლქო სასამართლოდან გამოსულმა კოენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოესი სამი წელი ის ზედამხედველობის ქვეშ რჩება და აპირებს, რომ ითანამშრომლოს სამართალდამცველებთან, რათა უზრუნველყოს, რომ სხვებმა „პასუხი აგონ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის და არავის ეგონოს, რომ კანონზე მაღლა დგას“.
მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მას გათავისუფლების საბუთი უჭირავს.
„ასე გამოიყურება საბოლოოდ თავისუფლება“, – დაწერა მაიკლ კოენმა.
ექსპრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა ნიუ-იორკის ციხეში დაახლოებით ერთი წელი გაატარა, რის შემდეგაც მან სასჯელის დარჩენილი ვადა საკუთარ ძვირადღირებულ ბინაში გაატარა.
მაიკლ კოენი დონალდ ტრამპმა 2018 წლის მაისში დაითხოვა. მოგვიანებით, კოენმა კონგრესს დონალდ ტრამპის ორგანიზაციის ბიზნესსაქმიანობის შესახებ ჩვენებები მისცა.