დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სპეციალური პროკურორი სასამართლოს სთხოვს, ყოფილ პრეზიდენტს საქმეზე საჯარო კომენტარები შეუზღუდოს
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი სასამართლოს სთხოვს, ყოფილ პრეზიდენტს საქმესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარების გაკეთება შეუზღუდოს. როგორც „ბიბისი“ წერს, სპეციალური პროკურორის მასალებში აღნიშნულია, რომ განკარგულება მოწმეთა შევიწროებას აღკვეთს.
პროკურატურის განმარტებით, ეს იქნება „ვიწრო, მკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვა“, რომელიც აუცილებელია, რათა მოხდეს დეზინფორმაციისა და მუქარებისა თავიდან აცილება.
სასამართლოს მიერ სპეციალური პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს აეკრძალება საჯარო განცხადებების გაკეთება პოტენციური მოწმეების პიროვნების, ჩვენებებისა და სანდოობის შესახებ, ასევე საქმის ნებისმიერი მხარის, მოწმეების, ადვოკატების, სასამართლოს თანამშრომლების პოტენციური ნაფიცი მსაჯულების შესახებ განცხადებების, რომლებიც არის დამამცირებელი, წამქეზებლური ან მუქარის შემცველი ხასიათის. ამასთან, ტრამპს არ შეეზღუდება საჯარო სასამართლო დოკუმენტების ციტირება ან საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განცხადების გაკეთება.
დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი. ის ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ყოფილი პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა სპეციალური პროკურორის ინიციატივას და აღნიშნა, რომ პროკურატურას სურს, წაართვას მას თავისუფლად და ღიად ლაპარაკის უფლება.
„ეს ადამიანები ავადმყოფები არიან და მათ უნდათ, მაიძულონ გაჩუმება, რადგან მე არასდროს მივცემ უფლებას, გაგაჩუმონ თქვენ“, – აღნიშნა ტრამპმა ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.
ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს თავის სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.
„მაშ ასე, მე ვატარებ საპრეზიდენტო კამპანიას არაკომპეტენტური ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც იარაღად იყენებს იუსტიციის დეპარტამენტს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს თავისი პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვის და მე მეკრძალება კომენტარის გაკეთება?“ – დაწერა ტრამპმა.