დონალდ ტრამპის თქმით, გერმანიამ უარი უნდა თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანაზე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გერმანიამ უარი უნდა თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანაზე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ეჭვი ეპარება, რომ ბერლინი ამ ეტაპზე პროექტის დახურვას შეძლებს.
„გერმანია ძალიან სუსტ ენერგეტიკულ მდგომარეობაშია. ის ხურავს ატომურ და ქვანახშირის ელექტროსადგურებს. რატომ აქვს გერმანიას საქმე რუსეთთან და ეს კონტრაქტები მილიარდებს აღწევს, როდესაც ჩვენ ვიცავთ გერმანიას რუსეთისგან“? – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა არ გამორიცხა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით ბერლინმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოიწამლა. ის 22 აგვისტოს ახლობლების მოთხოვნით ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ის უკვე 20 დღეა, ხელოვნურ კომაშია. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ნავალნი ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკის“ ტიპის შხამით მოწამლეს. რუსეთი ოპოზიციონერის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-მა ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. იმ ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიულ წყლებში უნდა გაიაროს გაზსადენმა (შვედეთი, ფინეთი, გერმანია, დანია) შესაბამისი ნებართვა უკვე გასცეს.
აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი რუსული გაზსადენის გაყვანის წინააღმდეგი არიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის ბუნებრივ აირზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.