დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო. საუბარია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე.
სასამართლოს სხდომის დარბაზში შესვლამდე ყოფილმა პრეზიდენტმა პროცესს პოლიტიკური დევნა უწოდა.
„ეს არის თავდასხმა აშშ-ზე. სწორედ ამიტომ, ძალიან ამაყი ვარ აქ ყოფნით. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ეს არის ისტორიული პროცესი, რადგან დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც მოსალოდნელია, პროცესი, სულ მცირე, ექვსი კვირა გაგრძელდება.
აღნიშნულ საქმეზე დონალდ ტრამპს ბრალი ერთი წლის წინ წაუყენეს. დონალდ ტრამპს 2016 წლის არჩევნების წინ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 ათასი დოლარის გადახდას და ამ თანხის სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გაფორმებას ედავებიან. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამგვარად მოხდა ფინანსური დოკუმენტების გაყალბება.