დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 25 მარტს დაიწყება
დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 25 მარტს დაიწყება

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 25 მარტს დაიწყება. ამის შესახებ ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილა ტრამპის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ. სხდომას, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადდა, ნიუ იორკის სასამართლოში თავად ყოფილი პრეზიდენტი ესწრებოდა.

საუბარია დონალდ ტრამპის მიერ 2016 წელს დუმილის სანაცვლოდ პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ყოფილ პრეზიდენტს ბიზნესდოკუმენტების გაყალბებაში აქვს ბრალი წაყენებული.

დონალდ ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა მოსამართლის გადაწყვეტილება „დიდ უსამართლობად“ შეაფასა.

თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის მიზანია არჩევნებში მისთვის ზიანის მიყენება, რადგან ის თავის მეტოქეს ბევრით წინ უსწრებს.

„ეს არ არის დანაშაული. ამ საქმის აღძვრა სამი წლის წინაც შეიძლებოდა. ეს საქმე არ არსებობს“, – განაცხადა ტრამპმა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2016 წელს ტრამპის ადვოკატმა დენიელსს ყოფილ პრეზიდენტთან ურთიერთობის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით მან ხარჯი იურიდიული მომსახურების ანაზღაურებად გაატარა.