დონალდ ტრამპის შვილი რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმეზე სენატში დაიბარეს
დონალდ ტრამპის შვილი რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმეზე სენატში დაიბარეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახის წევრს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენების მისაცემად ოფიციალურად იბარებენ.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსს კითხვებს 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით დაუსვამენ.
დონალდ ტრამპის შვილი კონგრესში 2017 წელს უკვე იმყოფებოდა. მაშინ მან იურიდიული და დაზვერვის კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი საკითხი მოსკოვში ე.წ. ტრამპ თაუერის მშენებლობას ეხებოდა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა თქვა, რომ მშენებლობის გეგმის შესახებ მხოლოდ ზოგადი ცნობები აქვს. ახლა სენატორები მისგან უფრო მეტი დეტალის დადგენას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის შვილს დაკითხვაზე მიწვევა იმ კომიტეტის წევრებმა გაუგზავნეს, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტიის წევრები წარმოადგენენ.