დონალდ ტრამპის საქმის პროკურორი - შტურმი კაპიტოლიუმზე იყო უპრეცედენტო თავდასხმა ამერიკულ დემოკრატიაზე, რომელიც გამოწვეული იყო დონალდ ტრამპის ტყუილებით
2021 წლის 6 იანვარს შტურმი კაპიტოლიუმზე იყო უპრეცედენტო თავდასხმა ამერიკულ დემოკრატიაზე, რომელიც გამოწვეული იყო დონალდ ტრამპის ტყუილებით, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმითმა განაცხადა.
პროკურორის მტკიცებით, ბრალდება სწრაფი სასამართლო პროცესის ჩატარებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში 3 აგვისტოს დაიბარეს.
„2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი იყო უპრეცედენტო თავდასხმა ამერიკულ დემოკრატიაზე. როგორც საბრალდებო დასკვნაშია აღწერილი, ეს ბრალდებულის სიცრუით იყო გამოწვეული, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის მთავრობის ძირეული ფუნქციის, ასევე ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესის შეფერხებას. სამართალდამცავი კაცები და ქალები, რომლებიც 6 იანვარს იცავდნენ აშშ-ს კაპიტოლიუმს, გმირები არიან. ისინი პატრიოტები და ჩვენ შორის საუკეთესოები არიან. ისინი არ იცავდნენ მხოლოდ შენობას ან მასში შეფარებულ ადამიანებს. მათ თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ დაეცვათ, ვინ ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა და როგორც ხალხი. ისინი იცავდნენ სწორედ იმ ინსტიტუტებსა და პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავდნენ შეერთებულ შტატებს. ამ შემთხვევაში ჩემი ოფისი შეეცდება სწრაფ სასამართლო პროცესს, რათა ჩვენი მტკიცებულებები სასამართლოში შემოწმდეს და მოქალაქეთა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. იმავდროულად, უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საბრალდებო დასკვნა მხოლოდ ბრალდებაა და ბრალდებული უნდა იყოს უდანაშაულო, ვიდრე ბრალეულობა არ დამტკიცდება სასამართლოში გონივრული ეჭვის მიღმა“, – განაცხადა ჯეკ სმითმა.