დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი უსაფრთხოების მიზნით, სამხედრო თვითმფრინავითა და ჯავშანმანქანებით უზრუნველყოფას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი უსაფრთხოების მიზნით, სამხედრო თვითმფრინავითა და ჯავშანმანქანებით უზრუნველყოფას ითხოვს. ინფორმაციასამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ ირანის მხრიდან მუქარების შესახებ გავრცელებული ცნობებისა ფონზე, ტრამპის თანაშემწეები დამატებით უსაფრთხოების ზომებს ითხოვენ. კერძოდ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ტრანსპორტირებისთვის სამხედრო თვითმფრინავის და ჯავშანმანქანების გამოყოფას ითხოვს. ასევე საარჩევნო შეხვედრების ჩატარების ადგილებისა და ტრაპის რეზიდენციების თავზე ფრენების შეზღუდვის გაფართოებას, საარჩევნო აქციებზე კი ტყვიაგაუმტარი მინების მოწყობას.
ამასთან, ტრამპის გუნდი დაფინანსების გაზრდას ითხოვს აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურისთვის და ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებებისთვის, რომლებიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დონალდ ტრამპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ტრამპის საარჩევნო გუნდის მოთხოვნების შესახებ საუბარია საიდუმლო სამსახურისთვის გაგზავნილ წერილში.
ტრამპის საარჩევნო შტაბის მოთხოვნასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან გასცა განკარგულება, უზრუნველყონ რესპუბლიკელი კანდიდატის უსაფრთხოება ისევე, როგორც პრეზიდენტის.
ქარიშხალ „მილტონთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ბაიდენს ჰკითხა, დაამტკიცებს თუ არა ტრამპის თხოვნას, გამოიყენოს სამხედრო თვითმფრინავი კამპანიის ბოლო ეტაპზე, რაზეც ბაიდენმა იხუმრა, რომ ამას იმ პირობით გააკეთებს, თუ ის ეფ-15-ს არ მოითხოვს.
„მე ვუთხარი დეპარტამენტს, მისცენ მას ყველაფერი, რაც სჭირდება, ისე თითქოს იგი მოქმედი პრეზიდენტი იყოს. თუ ეს ჯდება ამ კატეგორიაში, მაშინ კეთილი“, – განაცხადა ბაიდენმა.