დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯასტინ ტრუდოს მიმართ მკვეთრი განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა
დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯასტინ ტრუდოს მიმართ მკვეთრი განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა.
ვაჭრობის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ მისი კომენტარი შეცდომა, ლექსიკა კი უადგილო იყო.
The Wall Street Journal-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ სიტყვები მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ის არ იყო ოფიციალური ვაშინგტონის შეხედულება.
საქმე ეხება პრეზიდენტის მრჩეველის ინტერვიუს Fox News-თან, რომელშიც პიტერ ნავარომ განაცხადა: „ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილია იმ უცხოელი ლიდერებისთვის, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დიპლომატიური ღალატის გზას ირჩევენ“.
დონალდ ტრამპის მრჩეველის მკვეთრი პოზიცია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადა პირველი ივლისიდან აშშ-ის ექსპორტზე ახალ ტარიფებს დააწესებს. რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა სამიტის დროს მიღებული ერთობლივი კომუნიკედან საკუთარი ხელმოწერა უკან გაიტანა.