დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს აშშ-ს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
აშშ-ს პროკურატურამ ბრალი წაუყენა რაიან რუთს, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
რუთს პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის თუ დამნაშავედ ცნობენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
„ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საზარელი აქტია“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.
რუთის წინააღმდეგ აღძრულია ბრალდებები: იარაღის ფლობა დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთვის, იარაღის ფლობა ნასამართლევი პირის მიერ, იარაღის ფლობა ამოშლილი სერიული ნომრით, ფედერალური თანამდებობის პირზე თავდასხმა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დატოვა წერილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ წერდა.