აშშ-სა და მექსიკის საზღვართან რამდენიმე პირმა კედლის მშენებლობა საკუთარი ხარჯებით დაიწყო
აშშ-სა და მექსიკის საზღვართან რამდენიმე პირმა კედლის მშენებლობა საკუთარი ხარჯებით დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანმა, ბრაიან კოლფეიჯმა მშენებლობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
როგორც აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ვეტერანმა აღნიშნა, მშენებლობის დაწყება ბოლო ერთ წლის განმავლობაში წარმოებული კამპანიის საშუალებით შეგროვებული 22 მილიონი დოლარით მოხერხდა.
ამერიკელმა ვეტერანმა აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც კონგრესმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კედლის აშენებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა გაუწია.
ცოტა ხნის წინ კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ საზღვართან კედლის აშენებისთვის გამოყოფილი თანხის გამოყენება დროებით აკრძალა. საქმე ეხება ერთ მილიარდ დოლარს, რომელიც 2019 წლის მარტში პენტაგონმა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ თანხას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის კედლის აშენებისთვის გამოიყენებდნენ.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 6,7 მილიარდი დოლარია საჭირო. აღნიშნული თანხის მიღების მიზნით რამდენიმე თვის წინ თეთრი სახლის ლიდერმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა. ამ ხერხს დონალდ ტრამპმა კონგრესის გვერდის ავლით თანხის მოპოვებისთვის მიმართა.
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საგანგებო მდგომარეობის შემოღების წინააღმდეგ სასამართლოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 20-მა შტატმა და ორმა საადვოკატო ასოციაციამ მიმართეს.