დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნას ორი რესპუბლიკელი სენატორი საჯაროდ ეწინააღმდეგება
დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნას ორი რესპუბლიკელი სენატორი საჯაროდ ეწინააღმდეგება

დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნას ორი რესპუბლიკელი სენატორი საჯაროდ ეწინააღმდეგება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რესპუბლიკელი სენატორი ლისა მურკოვსკი აცხადებს, რომ ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ახალი მოსამართლის დაუყოვნებლივ დანიშვნას ეწინააღმდეგება. ამავე მოსაზრებას იზიარებს სენატორი სუზენ კოლინსი.

მსგავსი შემთხვევა აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც მოხდა, როდესაც სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე წარდგენილი დემოკრატი კანდიდატურის დანიშვნა დაბლოკა, რადგან მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიუღებელი იყო.

„მე 2016 წელს, არჩევნებამდე რვა თვით ადრე ახალი მოსამართლის დანიშვნას არ ვემხრობოდი, როდესაც მოსამართლე სკალიას გარდაცვალების შემდეგ უზენაეს სასამართლოში თავისუფალი ადგილი გაჩნდა. ჩვენ ახლა 2020 წლის არჩევნებთან უფრო ახლოს ვართ, დარჩენილია ორ თვეზე ნაკლები და მჯერა, რომ ახლაც იმავე სტანდარტებით უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მურკოვსკიმ.

​აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გინსბურგის შემცვლელის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენს.