ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ოსამა ბინ-ლადენთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის, აშშ-ის ელჩი პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ძლიერი პროტესტი პაკისტანის წინააღმდეგ გამოთქმული დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა აშშ-ის ელჩს, რომ სწორედ პაკისტანის დაზვერვამ მოიპოვა საწყისი მტკიცებულებები ოსამა ბინ-ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ“, – აღნიშნულია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური ისლამაბადის გაღიაზიანება სოციალურ ქსელ Twitter-ში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ი პაკისტანს მილიარდობით დოლარს აძლევდა, თუმცა პაკისტანს სანაცვლოდ არაფერი გაუკეთებია და არ უთქვამს, რომ ბინ-ლადენი მათ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.