დონალდ ტრამპის მიერ გათავისუფლებული ვეტერანთა საქმეების მდივანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გათავისუფლებული ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო მდივანი დევიდ შულკინი თეთრი სახლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
მისი თქმით, ადმინისტრაციამ თანამდებობიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მიიღო, რის გამოც ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ შულკინმა ტრამპის განცხადებიდან ოთხ დღეში NBC-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ვეტერანთა საკითხებში მდივნის პოსტზე შულკინს თავისი პირადი ექიმით ჩაანაცვლებდა.
შულკინის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის გენინსპექციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შულკინმა წესების დარღვევით შეიძინა უიმბლდონის ტურნირზე დასასწრები ბილეთები. ასევე, დასკვნის თანახმად, მისი ადმინისტრაციის უფროსმა მცდარი განცხადებები გააკეთა იმისთვის, რომ შულკინის ცოლს სახელმწიფო ხარჯებით ემოგზაურა.
დონალდ ტრამპმა დევიდ შულკინს 29 მარტს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მადლობა გადაუხადა და მის ადგილზე საკუთარი პირადი ექიმი, ადმირალი რონი ჯექსონი წარადგინა.
ეს ტრამპის მიერ მისი კაბინეტიდან გათავისუფლების მორიგი შემთხვევაა. მხოლოდ მიმდინარე თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გერი კონი.