დონალდ ტრამპის კომპანიას გადასახადებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიას გადასახადებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებენ. კომპანიის ხელმძღვანელ ლენ ვაისელბერგს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლომ „ტრამპ ორგანიზეიშენი“, რომელიც აშშ-ის ყოფილ ლიდერს ეკუთვნის, ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში, თაღლითობასა და ქონების უკანონო მითვისებაში დასდო ბრალი. კომპანიის ხელმძღვანელი სასამართლოში ხელბორკილებით მიიყვანეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მათი ყურადღება მიიპყრო ფინანსურმა ბონუსებმა, რომლებსაც კომპანიის მენეჯერები იღებდნენ. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ამ შემოსავლიდან გადასახადები არ დაუფარავთ. ბონუსებს შორის არის თანამშრომლების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსება, ძვირადღირებული მანქანები და სხვა პრემიები.
დონალდ ტრამპის კომპანიის ხელმძღვანელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკური ოპონენტების შურისძიებაა.
ტრამპის ადვოკატები საქმის დაუყოვნებლივ დახურვას ითხოვენ. თავად ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს საქმე „კუდიანებზე ნადირობაა“.
თეთრ სახლში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, აღნიშნეს რომ გადასახადების გადახდის ვალდებულება ყველაზე თანაბრად ვრცელდება.