დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ქვეყანაში „ტემპერატურამ დაიწიოს“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ თავის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ქვეყანაში „ტემპერატურამ დაიწიოს“.
„ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია. არსებობს უდიდესი საფრთხე, როგორც არასდროს გვინახავს. არასდროს ყოფილა ისეთი დრო, როდესაც სამართალდამცავები გამოიყენეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლში შესაჭრელად და ამიტომ ქვეყანაში დიდი ბრაზი არსებობს, ისეთი, როგორც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა „ქვეყანას დაეხმაროს“.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მისი სახლის ჩხრეკის პროცესის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა მისი დაცვის წევრებს კამერები გაათიშინეს და შესაბამისად, მათ ყველაფერი შეეძლოთ გაეჩხრიკათ და ნებისმიერი რამე შეეტანათ სახლში.
შეგახსენებთ, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლი იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ორდერისა და სასამართლოს განჩინებით გაჩხრიკეს. ორდერში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა ტრამპის სახლიდან „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტების 11 საქაღალდე ამოიღეს.
ტრამპს ჯაშუშობის შესახებ აქტის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც ხუთწლიანი პატიმრობით ისჯება. თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.