დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებული საქმის განხილვაზე მოსამართლის უარი უნდა იყოს პირველი ნაბიჯი და მის წინააღმდეგ აღძრული ოთხივე საქმე დაიხუროს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის ბრალდების საქმის განხილვაზე მოსამართლის უარი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს და მის წინააღმდეგ აღძრული ოთხივე საქმე უნდა დაიხუროს.
საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი აღნიშნავს, რომ „იუსტიციის დეპარტამენტი ახდენდა ყველა ამ პოლიტიკური თავდასხმის კოორდინაციას“. აშშ-ის ყოფილი ლიდერის თქმით, ყველა ეს საქმე წარმოადგენს შეთქმულებას არჩევნებში ჩარევის მიზნით და მიმართულია მის წინააღმდეგ.
ტრამპმა ასევე მოუწოდა ყველა მხარდამჭერს გაერთიანებისკენ, რათა, მისივე განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება დასრულდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის ბრალდებით აღძრული საქმე წარმოებაში არ მიიღო.