დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ალექსეი ნავალნის საკითხს სერიოზულად შეისწავლის
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ალექსეი ნავალნის საკითხს სერიოზულად შეისწავლის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ საკითხს სერიოზულად შეისწავლის, თუმცა აღნიშნავს, რომ მის ადმინისტრაციას პოლიტიკოსის მოწამვლის მტკიცებულებები ჯერ არ უნახავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, „იქიდან გამომდინარე და იმაზე დაყრდობით, რასაც გერმანია ამბობს, როგორც ჩანს ეს ასეა“.

„ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა შევისწავლოთ, თუ ეს ასეა და ჩვენ ამას ვიზამთ. არავინ ყოფილა რუსეთთან იმაზე მკაცრი, ვიდრე მე.

ძალიან გავბრაზდები, თუ ეს ასეა. მე შევხედავ ციფრებსა და დოკუმენტებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან უახლოეს დღეებში. მე არ ვიცი ზუსტად, რა მოხდა. ვფიქრობ, ეს არის სამწუხარო, ტრაგიკული, საშინელი და ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ჯერ არ გვინახავს რამე მტკიცებულება, თუმცა მე შევისწავლი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთი არის ის სახელმწიფო, რომელზეც უფრო მეტს უნდა საუბრობდნენ, ვიდრე რუსეთზე.

„საინტერესოა, რომ ყველა ყოველთვის ახსენებს რუსეთს… თუმცა მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ ჩინეთი ამ ეტაპზე არის ქვეყანა, რომელზეც თქვენ უნდა ისაუბროთ ბევრად მეტი, ვიდრე რუსეთზე“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გერმანია რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის.