დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ივნისში სინგაპურში გაიმართება
დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ივნისში სინგაპურში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა ივნისში სინგაპურში გაიმართება. ინფორმაციას სამხრეთ კორეული გამოცემა Chosun Ilbo daily-ი ავრცელებს.

როგორც კორეელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ივნისის შუა რიცხვებში შეხვდებიან ერთმანეთს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის ადგილზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია და სავარაუდოდ, ისტორიული სამიტი სინგაპურში გაიმართება. მანამდე თეთრ სახლში დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის ლიდერს უმასპინძლებს. მოლაპარაკებები მაისში არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილად სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონას განიხილავს. ასევე სახელდება მონღოლეთი და შვეიცარიაც.

ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესაძლებლობა მას შემდეგ გახდა რეალური, რაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის დემილიტარიზებულ ზონაში მოლაპარაკებები გაიმართა. ლიდერები სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდნენ და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პირობა დადეს.