დონალდ ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ში მოქმედ ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე ზეგავლენას ვენესუელა, კუბა და ჩინეთი ახდენენ
დონალდ ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ში მოქმედ ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე ზეგავლენას ვენესუელა, კუბა და ჩინეთი ახდენენ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
მათი თქმით, საქმე ეხება ხმის დათვლის ელექტრონულ სისტემას, რომელსაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყენებდნენ.
როგორც ტრამპის ადვოკატმა სიდნი პაუელმა განაცხადა, საარჩევნო ელექტრონული სისტემა სახელწოდებით „დომინიონი“ ვენესუელაში ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის განკარგულებითაა შექმნილი.
„ეს სისტემა სჭირდებოდა ჩავესს, რათა ის დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არც ერთ არჩევნებს არ წააგებდა“, – განაცხადა პაუელმა.
მისივე თქმით, არსებობს მოწმე, რომელიც ამ სისტემის მუშაობის პრინციპებს კარგად იცნობს და მზადაა ამაზე სასამართლოში ისაუბროს.
ამავე პრესკონფერენციაზე ტრამპის ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თაღლითობის სქემაში მონაწილეობდა ჯორჯ სოროსი და კლინტონების ფონდი.
მისივე თქმით, სოროსი არის მოძრაობა „ანტიფას“ და „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ ყველაზე მსხვილი დონორი.
ჯულიანიმ განაცხადა, რომ ტრამპის იურისტები უახლოეს ხანში აპირებენ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ჯორჯიის და არიზონას შტატებში.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იმარჯვებს. დონალდ ტრამპი მარცხის აღიარებაზე უარს აცხადებს და შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.