დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, დროებითი სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიის გაცემა შეაჩეროს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, დროებითი სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიის გაცემა შეაჩეროს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაძლოა, დროებითი სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიის გაცემა შეაჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

კერძოდ, როგორც გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი” და ტელეკომპანია „სიენბისი” იტყობინებიან, შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ტრამპმა შესაძლოა, უახლოეს დროში მოაწეროს ხელი.

„სიენბისის” ცნობით, საუბარია იმ კატეგორიის ვიზებზე, რომელიც გაიცემა კულტურული და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის. თავის მხრივ, „ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ შეზღუდვა შეიძლება, შეეხოს იმ ტიპის ვიზებს, რომელსაც პროგრამისტებსა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე გასცემენ, ასევე – სეზონური მუშებისთვის გათვალისწინებულ სავიზო კატეგორიას.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის მომხრეა დონალდ ტრამპის მრჩეველი სტივენ მილერი, რომელიც საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას უჭერს მხარს, ასევე შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი კენ კუჩინელი.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეილი მაკინენმა აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგზე კომენტარი არ გააკეთა.