დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი კვალიფიციური მუშებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი კვალიფიციური მუშებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი კვალიფიციური მუშებისთვის სამუშაო ვიზების გაცემის შეზღუდვას გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა შეუზღუდავს ამერიკულ კომპანიებს უცხოელების დასაქმებას, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. თეთრ სახლში ახალი რეგულაციის აუცილებლობას კორონავირუსის პანდემიის გამო გაზრდილი უმუშევრობის ფონზე, ამერიკელი დასაქმებულების დაცვით ხსნიან.

ახალი რეგულაცია აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა ერთობლივად შეიმუშავეს. ის H-1B სავიზო პროგრამით ჩასული პირებისთვის კომპანიებს გაზრდილი მინიმალური ანაზღაურების გადახდას ავალდებულებს. ამას გარდა, შემცირდება იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლითაც შესაძლებელი იყო აღნიშნული კატეგორიის სამუშაო ვიზის მიღება.

ახალი წესი დეკემბრის დასაწყისში უნდა შევიდეს ძალაში.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ინიციატივას დიდი ალბათობით გააკრიტიკებენ სავაჭრო ჯგუფები, როგორიცაა აშშ-ის სავაჭრო პალატა, რომელიც აცხადებს, რომ H-1B-ის სავიზო პროგრამა აუცილებელია კვალიფიციური ამერიკელი მუშების ნაკლებობის გამო.

სახელმწიფო სტატისტიკის თანახმად, H-1B-ის კატეგორიის ვიზის მფლობელთა ორი-მესამედი ინდოეთიდანაა და ისინი არაპროპრორციულად არიან დასაქმებულები ტექნოლოგიური კომპანიების მიერ.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსურლებელი კენეტ კუჩინელი მედიასთან განმარტავს, რომ კომპანიები ამერიკელ კვალიფიციურ კადრებს ხშირად დაბალანაზღაურებადი უცხოელებით ცვლიდნენ, რასაც ახალი რეგულაცია აღმოფხრის.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში დონალდ ტრამპმა გარკვეულ სფეროებში სამუშაო ვიზების გაცემა წლის ბოლომდე აკრძალა, რის მიზეზადაც პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის გაზრდილი დონე დაასახელა. აშშ-ის სავაჭრო პალატამ და რამდენიმე კომპანიამ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრეს.