დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო, ეკონომიკის სტიმულირებისთვის 1,2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო ეკონომიკის სტიმულირებისთვის 1,2 ტრილიონი დოლარის გამოყოფის გეგმას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ფინანსური პაკეტი ორი კვირის განმავლობაში ამერიკელებისთვის ათასი დოლარის ოდენობის ან მეტი თანხის პირდაპირ გადახდას ითვალისწინებს. მედიასაშუალების ცნობით, 250 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩეკებს გაცემა აპრილის ბოლომდე იგეგმება, საგანგებო სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში კი მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში აღნიშნული თანხა 500 მილიარდამდე გაიზარდება.
„ამერიკელებს სჭირდებათ ნაღდი ფული ახლა და პრეზიდენტს სურს, მისცეს ნაღდი ფული ახლა. ვგულისხმობ მომავალი ორი კვირის განმავლობაში.
ეს არის დიდი რიცხვი. ეს არის ძალიან მასშტაბური სიტუაცია ეკონომიკაში და ჩვენი ინიციატივაა ეკონომიკაში ერთი ტრილიონი დოლარის ჩადება“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
„ბლუმბერგის“ ცნობით, თავდაპირველად ადმინისტრაცია განიხილავდა 850 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა 1,2 ტრილიონამდე გაზარდა. არსებული მონაცემებით, 300 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესისთვის კრედიტების სახით გაიცემა, 200 მილიარდი დოლარი სტაბილიზაციის ფონდებისთვის გამოიყოფა.