დონალდ ტრამპი - ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა და ჩემი ეშინოდათ, ვიქტორ ორბანი ჭკვიანია
ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა და ჩემი ეშინოდათ, – ეს განცხადება აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან სატელევიზიო დებატებისას გააკეთა.
„ვიქტორ ორბანი არის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ადამიანი, რომელსაც ძლიერ კაცს ეძახიან, ის ჭკვიანია. საუბარი მაქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე. მან იკითხა, რატომ ფეთქდება მთელი სამყარო? ოთხი წლის წინ ასე არ იყო. მან თქვა, რომ საჭიროა, ტრამპი დაბრუნდეს პრეზიდენტად. ტრამპის ეშინოდათ. ჩინეთს ეშინოდა ტრამპის. მე არ მიყვარს სიტყვა შიშის გამოყენება, მაგრამ მე ორბანს ვციტირებ. ის ამბობს, რომ ჩინეთს ჩემი ეშინოდა, ჩრდილოეთ კორეას ეშინოდა ჩემი. მე დავასრულე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“. ბაიდენმა კი ის უკან დააბრუნა პრეზიდენტობის პირველივე დღეს. ამასთან, ბაიდენმა დახურა აშშ-ის და კანადის დამაკავშირებელი გაზსადენი. მან გააჩერა გაზსადენი ჩვენს ქვეყანაში და მისცა ნება, ამუშავებულიყო გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან ევროპაში მიდის. ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მე მსოფლიოში პატივს მცემდნენ და ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა“, – განაცხადა ტრამპმა.
საპასუხოდ, კამალა ჰარისმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი წინა არჩევნების დროს თანამდებობიდან 81-მა მილიონმა ამომრჩეველმა გაათავისუფლა, თუმცა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ამასთან შეგუება ამ დრომდე უჭირს.
„მე ვიყავი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, როგორც ვიცე-პრეზიდენტი და მინდა, გითხრათ, რომ მსოფლიოს ლიდერები ტრამპს დასცინიან. მე ვესაუბრე სამხედრო ლიდერებს, რომელთა ნაწილიც ტრამპთან მუშაობდა და ისინი ამბობენ, რომ ტრამპი სამარცხვინოა. ახლა, როდესაც დებატების დროს საუბრობთ, უარყოფთ, რომ სასამართლოში არჩევნების გაყალბების შესახებ სარჩელები წააგეთ, რადგანაც თქვენ ნამდვილად წააგეთ ის არჩევნები მაშინ. ზოგიერთს უჩნდება რწმენა, რომ შესაძლოა, ჩემ გვერდით მდგომ ადამიანს არ აქვს ხასიათი ან უნარი, არ აურიოს ფაქტები. ეს ძალიან პრობლემურია და ამერიკელი ხალხი უკეთესს პრეზიდენტს იმსახურებს“, – განაცხადა ჰარისმა.