დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლო მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატურას კვირის ბოლომდე წარადგენს
დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლო მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატურას კვირის ბოლომდე წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლო მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატურას მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის მოსამართლეობის კანდიდატს პარასკევს, ან შაბათს დაასახელებს. მან მოუწოდა სენატს, მოსამართლის ვაკანტურ პოსტზე კანდიდატი არჩევნებამდე დაამტკიცონ.

„ამისთვის უამრავი დრო გვაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდბებაზე ხუთ კანდიდატურას განიხილავს.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 18 სექტემბერს 87 წლის ასაკში რუთ გინსბურგი გარდაიცვალა.

ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი მოსამართლეების უმრავლესობას კიდევ უფრო გააძლიერებს. თუმცა, დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ახალი მოსამართლის დამტკიცება არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მოსამართლეობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს, სადაც ამჟამად უმრავლესობას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაპარტიელები – რესპუბლიკელები ფლობენ. ამჟამად რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მანდატები სენატში 53/47-ზე თანაფარდობითაა განაწილებული. თუმცა, ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა – სიუზან კოლინსმა და ლაიზა მურკოვსკიმ განაცხადეს, რომ სენატში დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურის არჩევნებამდე დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან.