დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრიდან თეთრ სახლში დაბრუნდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრიდან თეთრ სახლში დაბრუნდა.
თეთრ სახლში პრეზიდენტი ვერტმფრენით დაბრუნდა. მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენიდან ჩამოსვლის დროს ტრამპს პირბადე უკეთია, რომელსაც მოგვიანებით, ფოტოს გადაღების დროს იხსნის.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. დონალდ ტრამპი მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეეშინდეთ ვირუსის.
„ერთი რამ ცხადია, არ მისცეთ ვირუსს საშუალება, რომ იბატონოს. არ შეგეშინდეთ, თქვენ მას დაამარცხებთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო სამედიცინო აღჭურვილობა, საუკეთესო მედიკამენტები”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ის თავს იმაზე უკეთ გრძნობს, ვიდრე 20 წლის წინათ.
კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი საავადმყოფოში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. ვირუსი დაუდასტურდა პირველ ლედისაც.